შსს

შსს: აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს თანხას სძალავდნენ, დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ი., წარსულში ნასამართლევები: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 2001 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1988 წელს დაბადებულ ე.მ.-ს თანხას სძალავდნენ.

ე.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პარაპლანების გაქირავებით კომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ბრალდებულებმა ძალადობის გამოყენებით, ასევე, სიცოცხლის მოსპობისა და პარაპლანების წართმევის მუქარით მას მიღებული შემოსავლის გაყოფას სთხოვდნენ.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, კომპლექსური საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს, რის შედეგადაც დადასტურდა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ე.მ.-ის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები. პოლიციამ სამივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, აჭარაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა" - აცხადებს შსს.

ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები