დეოლიგარქიზაციის კამპანია

"მოსახლეობა უნდა დადგეს აქტიურ სამოქალაქო პოზიციაზე" – ბოკერია დეოლიგარქიზაციის კამპანიაზე

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას თქმით, იმ პირობებში, როდესაც "ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები" ღია ომს უცხადებენ დასავლეთს, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის დიდი ნაწილი დადგეს აქტიურ სამოქალაქო პოზიციაზე და "დაიბრუნოს საკუთარი ქვეყნის რწმენა".  

"დღეს ცდილობენ მტერი და მოყვარე ჩაგვინაცვლონ ერთმანეთში. ღია ომი აქვთ გამოცხადებული დასავლური სამყაროსთვის და გვაგუებენ იმას, რომ ე.წ. ერთმორწმუნე რუსეთი - ის არის, რასაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, როგორც ჩვენს პატრონს და დავივიწყოთ ის საშინელი დანაშაულები, რომლებიც ამ ბოროტების იმპერიას ჩადენილი აქვს ქართველი ხალხის წინააღმდეგ: არა მხოლოდ ახლა, ბოლო აგრესიის დროს - 2008 წელს, არა ზოგადად ისტორიულად, არამედ კონკრეტულად - გენოციდი აქვს ჩადენილი ქართველების აფხაზეთში 1990-იანების დასაწყისში აფხაზეთში. ჩვენ ჯგუფი - ევროპული საქართველო, აფხაზთა კრება, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, ტაბულა ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე გვქონდეს კამპანია ყველგან, იმიტომ რომ ჩვენი ამოცანაა, რომ უდიდესი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის დადგეს აქტიურ სამოქალაქო პოზიციაზე, დაიბრუნოს რწმენა ჩვენი ქვეყნის მომავლის და ამ გზით მოხდეს ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილება. წინააღმდეგ შემთხვევაში - ჩვენ გველის ათწლეულები პოსტსაბჭოთა ბოროტების იმპერიის ჭაობში ყოფნისა". - ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

ამასთანავე, გიგა ბოკერიას განმარტებით, ქვეყანას ისტორიული შანსი აქვს, რომლის "დათმობის მორალური უფლება არ გვაქვს". მისი განმარტებით, ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად მორალურ სიცხადეს სწირავს.  

 "ქვეყანას ერთდროულად აქვს ისტორიული შანსი, რომ დაბრუნდეს იმ სამყაროში, სადაც ჩვენი ადგილი იყო ყოველთვის - თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში. იქ, სადაც თავისუფლება, ღირსება კეთილდღეობა, სწრაფვა ბედნიერებისკენ არის მოქალაქეების უფლება. ამავდროულად, აქვს საფრთხე, რომ ეს ისტორიული მომენტი ხელიდან გავუშვათ და კიდევ ათწლეულობით გავწიროთ საკუთარი თავი, ჩვენი შვილები, შემდეგი თაობები ბოროტების იმპერიის ჭაობში ყოფნისთვის. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ეს ბრძოლა დავთმოთ. უნდა გვესმოდეს, რომ გარე მტერთან ერთად, რომელიც არის ჩვენი მთავარი საფრთხე - პუტინის ბოროტების იმპერია, ჩვენ გვაქვს შიდა მტერთან საქმე - ეს არის ამ კაცის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის რეჟიმი, რომელიც ცდილობს, პირველ რიგში, მორალურად გაგვტეხოს და ამ ჩვენს ისტორიულ ამოცანაზე უარი გვათქმევინოს. ითამაშოს ჩვენს შიშზე, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს. თქვას, რომ გადავრჩებით, თუ ვიქნებით უპრინციპოები და თუ ჩავწვებით. ოღონდ ამ ყველაფერს აკეთებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის - ამ ყველაფერს წირავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ამ საქმეს წირავს მორალურ სიცხადეს". - აღნიშნა ბოკერიამ. 

ევროპულმა საქართველომ, თავისუფლების ინსტიტუტმა, ტაბულამ და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ პარლამენტთან დეოლიგარქიზაციის კამპანია წარადგინეს. კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციები აქტიურად ისაუბრებენ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე – ახსნიან, რატომ იყო გენოციდი ის, რაც 1992-1993 წლებში აფხაზეთში მოხდა, ამასთანავე, განიხილავენ, როგორ უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართულ ევროპულ იდენტობას.

კომენტარები