კრიმინალი

შსს: თბილისში ერთ-ერთ ბართან მომხდარი დაჭრის საქმეზე 2 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. ახალ აღმაშენებელზე ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაჭრის საქმე გახსნეს - უწყების ცნობით, 2 წარსულში ნასამართლევი ადამიანი, 1995 წელს დაბადებული ე.ნ. და 1995 წელს დაბადებული თ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1995 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის დაუსწრებლად წარუდგინეს. 

შსს-ს ცნობით 11 ივნისს ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, რა დროსაც მ.ფ.-მ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 1989 წელს დაბადებული ჯ.უ. ცივი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. 

"დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩხუბში მონაწილე კიდევ სამმა პირმა - 1998 წელს დაბადებულმა მ.ც.-მ, 1995 წელს დაბადებულმა ა.მ.-მ და 1990 წელს დაბადებულმა რ.დ.-მ. მათ შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. ოთხივე დაშავებული მამაკაცი ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს". - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოიღეს ხმოვანი პისტოლეტი. 

"ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები". - ვკითხულობთ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, ასევე, 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები