რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: ომის გაჭიანურებისას მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ კიევს გრძელვადიანად ვუჭერთ მხარს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukraine President Office

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კიევში პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ბრიტანეთმა განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას არამხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს. 

"რუსები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ის, რაც სიმართლეა - რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს". - თქვა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ომის გაჭიანურება უკრაინის შეიარაღებული ძალების "გადაღლას" ისახავს მიზნად და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა. 

"როდესაც უკრაინაში დაღლილობა შეიმჩნევა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ გვერდით გრძელვადიან პერსპექტივაში ვართ და მივაწოდებთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ". - თქვა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი 17 ივნისს უკრაინის დედაქალაქ კიევში კვლავ ჩავიდა. ვიზიტისას იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ჯონსონის თქმით, მან და ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადის მოხსნაში დიდი ბრიტანეთის შესაძლო წვლილზე ისაუბრეს.

ბორის ჯონსონმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის იარაღით მომარაგებასა და უკრაინელი მებრძოლების წვრთნას გააგრძელებს.

კომენტარები