20 ივნისი

სირცხვილიამ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები 20 ივნისის აქციაზე მიიწვია

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები და წარმომადგენლები 20 ივნისის აქციაზე, შინ ევროპისკენ პარლამენტთან მიიწვია.

"მოხარული ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპის მარშზე მოვიწვიოთ, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ, აქციის სახით დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდება. მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პასუხს ელოდება, მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირება. სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინიცირებული და ორგანიზებული აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების ფასდაუდებელი შრომით, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წარმართვაა. ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს შეკრებას შეუერთდებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და წარმომადგენლებს ვიხილავთ პარლამენტთან, 20 ივნისს, 20:00 საათზე". - წერს სირცხვილია სოციალურ ქსელში.

20 ივნისს ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, პარლამენტთან მოძრაობა სირცხვილია ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მხარდამჭერ აქციას შინ ევროპისკენ! გამართავს. ღონისძიებას სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

კომენტარები