მიხეილ სააკაშვილი

"მომაკვდავის ინტერესის დაცვაა" – ოცნების ყოფილი წევრი შესაძლოა სააკაშვილის ადვოკატი გახდეს

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, შალვა ხაჭაპურიძე, შესაძლოა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ხაჭაპურიძემ ტაბულას დაუდასტურა და აღნიშნა, რომ შემოთავაზება თავად სააკაშვილისგან მიიღო და საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

"თვითონ მომმართა. აქ დგას საკითხი, არა ვთქვათ ბრალდებულ სააკაშვილზე, აქ, ფაქტობრივად გამოდის მე რასაც გავეცანი ამ ეტაპზე, ექსპერტებთანაც მქონდა შეხვედრა, ავადმყოფობის ისტორიებს გავეცანი. აქ ფაქტობრივად საუბარი არის არა იმაზე გამართლდა თუ გამტყუნდა ავადმყოფ სააკაშვილის ინტერესები. ფაქტობრივად მომაკვდავის ინტერესების დაცვაზეა საუბარი და ჩვენი კანონმდებლობით, მოგეხსენებათ, რომ სიკვდილით დასჯა და დახვრეტა აღარ არსებობს. ამიტომ, მან ჩათვალა, რომ მის ინტერესებს ყველაზე კარგად დაიცავდა ხაჭაპურიძე და მომმართა სამართლებრივი დახმარებისთვის".- ამბობს ხაჭაპურიძე. 

ტაბულას კითხვაზე, ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, რატომ გადაწყვიტა სააკაშვილის ადვოკატობა, ხაჭაპურიძე პასუხობს, რომ ადვოკატობა მისი მოწოდებაა და მისთვის მნიშვნელოვანი ის მტკიცებულებებია, რომელიც საქმეში არსებობს. 

"მე ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატი, ასევე ვხელმძღვანელობდი სალომე ზურაბიშვილის იურიდიულ სამსახურს, ვიყავი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მე მარტივად საქმეებში არ ვერთვები, პირდაპირ რომ გითხრათ. ჩემთვის ნომერ პირველი არის მტკიცებულებები, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესებს, ვხედავ მტკიცებულება რა არის, როგორ არის, გარკვეულ პოზიციებს გამოვხატავ, ვთვლი თუ რა მტკიცებულება უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს. მე სულ ვამბობ და ვიმეორებ - ადვოკატობა არ არის პროფესია, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს, ადვოკატობა, ჩემთვის პირადად არის მოწოდება, მოღვაწეობა. როცა მოღვაწეობ, მაშინ აღწევ შედეგს და თუ მოვალეობის მოხდის მიზნით დადიხარ სასამართლო პროცესებზე თუ სადაც არის, მაშინ შედეგი არ არის".- ამბობს ხაჭაპურიძე და აღნიშნავს, რომ ის მუდამ შედეგზეა ორიენტირებული. 

მისივე თქმით, სააკაშვილს თავად ესაუბრა და ექსპრეზიდენტს მისთვის ნაციონალური მოძრაობის წევრობა ან თანამებრძოლობა არ უთხოვია და ეს მხოლოდ სამართლებრივი საკითხია. 

"პირიქით, მან მითხრა, ვიცი რომ ჰააგაში მიჩივლე, ვიცი, რომ ნომერ პირველი ოპონენტი იყავი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველაზე უკეთესად შენ დაიცავ ჩემს ინტერესებს საქართველოში - ეს დიალოგი იყო ჩვენს შორის. დანარჩენი, მე ვუთხარი, რომ უნდა ჩავხედო საქმეს, სად ვართ, სად მივდივართ და ა.შ. არის გარკვეული სასამართლო პრაქტიკა დამკვიდრებული და იმ პრაქტიკის ჩარჩოებში თუ არ მოვხვდი, მაშინ შესაბამისი შედეგიც არ იქნება. მას არ უთხოვია და არც გვისაუბრია პოლიტიკაზე".- ამბობს ხაჭაპურიძე. 

ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ მიუღია და ექსპერტიზის დასკვნას და სხვა ფაქტორებს ელოდება. 

"მე ვარ წმინდა წყლის ადვოკატი, მე რაც დავინახე, ჩათვალეთ რომ მე ვარ მომაკვდავის ადვოკატი, თუმცა ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება და ამის მერე მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ ჩემთვის ყველა საქმეზე, არა მხოლოდ ამაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია თუ რა მტკიცებულებაა, სად ვართ და რა შანსია".- აღნიშნა მან ტაბულასთან საუბარში. 

2010 წელს შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჰააგას მიმართა. სარჩელი "2003 წლიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს" ეხებოდა. 2012 წელს კი მან საქართველოს პროკურატურას მიმართა და მაშინდელი ხელისუფლების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმეგ დევნის დაწყება მოითხოვა. 

შალვა ხაჭაპურიძე ქართულ ოცნებას 2011 წელს შეუერთდა. ის თეთრიწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თუმცა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა. ბოლო წლებში ის ოცნების ერთ ნაწილს აკრიტიკებდა, თუმცა არა ბიძინა ივანიშვილს.  შალვა ხაჭაპურიძემ ქართული ოცნება 2019 წელს დატოვა. მიზეზად კი "საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ვაჟა გაფრინდაშვილზე გაკეთებული ოცნების დეპუტატის განცხადება, ტენდერებით ბიუჯეტის თანხების თქვეფა, 20 ინვისის მოვლენები და სხვა" დაასახელა. 

კომენტარები