უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პარლამენტში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიული ამბიციები ვარშავიდან სოფიამდე ვრცელდება.
"რუსეთი მხოლოდ ჩვენი ქალაქებით: სევეროდონეცკით, მარიუპოლით, ხარკოვითა და კიევით არ არის დაინტერესებული. მისი ამბიციები დიდ ტერიტორიას მოიცავს, ვარშავიდან სოფიამდე.
როგორც წარსულში, რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას სჭირდება, რათა სხვა ქვეყნებისა, სხვა ხალხების დაპყრობის საშუალება მიეცეს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.
დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.
ევროკავშირი ამბობს უარს რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე.
ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების ტაწესებას. ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირთა სია მომდევნო დღეებში გამოქვეყნდება.





