ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში

საპატრიარქოს და რელიგიურ ჯგუფებს სახელმწიფო საჭადრაკო ტურნირს მოუწყობს

საპატრიარქოს და რელიგიურ ჯგუფებს სახელმწიფო საჭადრაკო ტურნირს მოუწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, მომავალი წლიდან სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები სავალდებულო საგნად შემოიღონ.

საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში 16-17 ივნისს, 16:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ახალი ინიციატივით გამოვიდა - ჩატარდეს საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღების თაობაზე.

რელიგიის სააგენტომ, ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეთანხმებით, მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას და წინადადებით მიმართა საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიური ორგანიზაციებს, სურვილისამებრ ჩართულიყვნენ ინტელექტუალურ ტურნირში. ასევე, ორგანიზაციულ პროცესში ჩართვის წინადადებით სააგენტომ მიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას.

რელიგიურმა ორგანიზაციებმა: საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მუსლიმთა სამმართველომ, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულმა ეკლესიამ, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ, საქართველოს ებრაელთა კავშირმა, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა და ეზიდთა სასულიერო საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს რელიგიის სააგენტოს ინიციატივას და წარმოადგინეს მონაწილე გუნდების სია.

16-17 ივნისს, 16.00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში (მისამართი: თბილისი, კოსტავას ქუჩა 37ა) გაიმართება საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც სწრაფი ჭადრაკის ფორმატში (15 წთ. – 10 წმ-ის დამატებით) ჩატარდება. მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სასულიერო პირებს, ასევე, მრევლს (კონკრეტული კონფესიის წარმომადგენელს). ტურნირი დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით". - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები