რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვის აღსაკვეთად აშშ ქვეყნებთან მუშაობს

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოებთან მუშაობს, რათა უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა აღკვეთოს.

ჟურნალისტმა თეთრი სახლის პრესსპიკერს ჰკითხა, რამდენად მართალია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს აფრიკულ ქვეყნებთან, რათა მარცვლეული რუსეთისგან არ იყიდონ, რადგან შესაძლოა ის უკრაინიდან იყოს მოპარული. 

"რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ მოიპარეს - უკრაინიდან". - აღნიშნა პრესსპიკერმა. 

გასულ კვირას, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული სატვირთო გემი ლატაკიაში უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე მეორედ დაფიქსირდა. გემით დაახლოებით 30 000 ტონა მარცვლეულის გადატანაა შესაძლებელი.

აქამდე, CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინის ფერმებიდან და სილოებიდან ყირიმში რუსული სატვირთო მანქანებით ოკუპანტებს მარცვლეული გადაჰქონდათ. მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რაიონებიდან რუსეთის ძალებმა 400 000 ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარეს.

მარცვლეულით ქურდობა უკრაინაში წლევანდელ მოსავალს უქმნის საფრთხეს მაშინ, როდესაც უკრაინა ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა მსოფლიოში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად, ერთი ტონა მარცვლეულის ღირებულება ბაზარზე დაახლოებით $400-ია. 

კომენტარები