აშშ-საქართველო

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი თბილისს ეწვევა

კარენ დონფრიდი
Alchetron

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი თბილისს ეწვევა. 17 ივნისს იგი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დონფრიდი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრები, ასევე, დაგეგმილია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. განსახილველ თემებს შორის კი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა.

ამასთანავე, მდივნის თანაშემწე განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის წინსვლასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციაში მხარდაჭერის გაგრძელება.

დონფრიდს 14-დან 19 ივნისამდე, ასევე, დაგეგმილი აქვს ვიზიტები აზერბაიჯანსა და სომხეთში. იგი თბილისამდე ბაქოს ეწვევა, შემდეგ კი 18 ივნისისთვის ერევანში გაემგზავრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამივე სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ხაზს გაუსვამს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას.

კომენტარები