რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შევჩენკო: ზელენსკი დაუჯერებელია, მან ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ დროს ხალხი გააერთიანა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დაუჯერებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ძალიან ამაყობს იმით, თუ როგორ უმკლავდება ომს უკრაინა და უკრაინელი ხალხი. 

შევჩენკომ თქვა, რომ კიევში ბოლო ვიზიტის დროს, მას "ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტთან" და მათ საუბრისას აღნიშნეს, რომ უკრაინას საკუთარი ქვეყნის დაცვა და მშვიდობის დამყარება შეუძლია. 

"უკრაინის ისტორიის ყველაზე რთულ დროს, მან [ზელენსკიმ] ხალხი გააერთიანა და მთელ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გზავნილი გაავრცელა. უკრაინელი ხალხი არ უნდა დანებდეს, ჩვენ გვინდა დემოკრატია, ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და ეს არის გზავნილი ყველასთვის". - თქვა შევჩენკომ BBC Radio 5 Live-თან ინტერვიუში. 

11-12 ივნისს შევჩენკო Soccer Aid-ში, ყოველწლიურ საფეხბურთო მატჩში ითამაშებს. Soccer Aid-ში ყოფილი მოთამაშეები და ცნობილი სახეები იღებენ მონაწილეობას. 

შევჩენკოს თქმით, იგი UNICEF-ისთვის ფულს აგროვებს, რომლის ნაწილიც ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება. 

"ეს ღონისძიება უკრაინაში უამრავ ადამიანს დაეხმარება, განსაკუთრებით ბავშვებს. ჩვენ ბავშვებისთვის ბევრი შესანიშნავი პროგრამის შექმნას ვაპირებთ". - დასძინა შევჩენკომ.

შევჩენკო, რომელიც თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორიც კიევის დინამო, მილანი და ჩელსია, უკრაინის რეკორდული ბომბარდირია. ასევე, იგი გასულ წელს უკრაინის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები