ენმ

ენმ-ს ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი, კრისტინა პუშოუ აშშ-ში უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მრჩეველი და ამჟამად, გუბერნატორის, რონ დენსანტის სპიკერი, კრისტინა პუშოუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან 2018-2021 წლებში შესრულებული მუშაობის გამო, მიმდინარე კვირას უცხოელი აგენტად დარეგისტრირდა.

პუშოუ სააკაშვილთან მუშაობის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად წერს. მისი LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, მან გუბერნატორის ოფისში მუშაობა 2021 წლის მაისში - მას შემდეგ დაიწყო, რაც დაასრულა თბილისში "განათლებითა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებით ახალგაზრდათა გაძლიერებაზე" მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. მის სამსახურებრივ გამოცდილებაში ასევე წერია, რომ იგი ხელმძღვანელობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანიის სტრატეგიასა და სოციალურ მედიას.

პუშოუმ საქართველოში დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია New Leaders Initiative (ახალი ლიდერების ინიციატივა). ორგანიზაციის ცნობით, მათი მიზანი ახალგაზრდების განათლება და გაძლიერებაა.

მისი ადვოკატის, მაიკლ შერვინის თქმით, პუშოუმ მუშაობა მოხალისედ 2018 წელს დაიწყო და საბოლოოდ ორ წელში შესრულებული საქმისთვის $25 000 დოლარი მიიღო. მან პირველი $10 000 - ნაღდი ფულით, 2018 წლის ოქტომბერში აიღო. ასევე, ის ექვსი კვირა უფასოდ იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის ბინაში, თბილისში.

მანამდე, პუშოუ ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს სამუელ პატენი ემუქრებოდა - პოლიტიკური კონსულტანტი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის უცხოელი ლობისტი იყო და 2018 წელს უცხოელ აგენტად რეგისტრაციაზე უარის გამო დამნაშავედ ცნეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, პატერნი 2008 წლისთვის სააკაშვილს კამპანიაში ეხმარებოდა, თუმცა შემდეგ ოპოზიციის კამპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელი გახდა.

პუშოუ ამტკიცებდა, რომ იუსტიციის დეპარტამენტს აცნობა შეტყობინებების შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, სააკაშვილის ყოფილმა თანაშემწემ საქართველოს ექსპრეზიდენტის CNN-თან სტუმრობამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო. 

 "შეაჩერე შენი ტროლები, თორემ მიშაზე გამოვაქვეყნებ იმ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც მას არ სურს". - CNN-თან ინტერვიუში სააკაშვილმა ხმამაღლა წაიკითხა შეტყობინებები, რომლებიც, მისი მტკიცებით, პატენის გაგზავნილი იყო.

"მჯერა, სემმა იცოდა, რომ [სააკაშვილი] გუშინ CNN-ზე ისაუბრებდა ამ საქმეზე, რადგან ინტერვიუს შესახებ რამდენიმე საათით ადრე Facebook-ზე დავწერე. ვფიქრობ, სემმა მუქარა გამოგზავნა, რათა ის გაეჩუმებინა". - ამბობდა პუშოუ. 

რეგისტრაცია სტანდარტული პრაქტიკაა, რომელიც უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მიხედვით აღსრულდება. ფორმალური რეგისტრაცია წლების შემდეგ შეიძლება გამოიყენოს ხელისუფალმა საქმეების განხილვისას ან მაღალი საჯარო ინტერესზე რეაგირებისას. 

კომენტარები