რუსეთი

სტრასბურგის გადაწყვეტილებები აღარ შესრულდება – რუსეთის დუმამ კანონი დაამტკიცა

РИА Новости 

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მიღებული ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 15 მარტის შემდეგ (რუსეთის ევროსაბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადის წარდგენის დღიდან) სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აღარ შესრულდება. გარდა ამისა, დაკისრებული კომპენსაციის გადახდა მოხდება მხოლოდ რუბლით და რუსული ბანკების ანგარიშებზე. ამასთან, რუსეთის გენერალურ პროკურატურას სტრასბურგის გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი კომპენსაციის გადახდა 2023 წლის 1 იანვრამდე შეეძლება.

მიღებული კანონის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აღარ ექნება საფუძველი, რომ რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განიხილოს.

ინიციატივა ასევე ითვალისწინებს დამატებითი საკომპენსაციო მექანიზმის შექმნას, რომელიც გააფართოებს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო სისხლის სამართლის პროცესების განახლების საშუალებას შექმნის.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დასავლელი პოლიტიკოსების ხელში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი გახდა. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს". – თქვა რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

კომენტარები