რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის ექვსი ივნისის ანგარიში

Alexander Ermochenko/Reuters

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის უმეტესს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებენ. ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ 5 ივნისს აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილის დაბრუნება და რუსეთის ქვედანაყოფების ქალაქის გარეუბანში გაყვანა შეძლეს. თუმცა უკრაინელმა ჟურნალისტმა, იური ბუტუსოვმა უარყო გაიდაის ინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მხოლოდ სევეროდონეცკის აზოტის ინდუსტრიულ სექტორს აკონტროლებენ. 

უკრაინის საზღვაო ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს და რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე წინსვლა შეზღუდეს. რუსეთის სევეროდონეცკისა და დონბასის დაკავებაზე კონცენტრაცია ხერსონის ოლქში ოკუპანტების პოზიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხერსონი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან ეს უკრაინაში ერთადერთი ადგილია, სადაც ოკუპანტები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებენ. თუ რუსეთი ხერსონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს, ის მეტად გაძლიერდება, ხოლო თუ უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს, მომავალი თავდასხმისგან თავის დაცვა უკეთ შეეძლება. 

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ზმეინის კუნძულის გარშემო საჰაერო თავდაცვას აძლიერებენ, ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის ძალებმა ყირიმში დამატებითი S-300 საჰაერო თავდაცვის ბატალიონები განალაგეს.

  • რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, 6 ივნისის მდგომარეობით სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილზე კონტროლი შეინარჩუნეს, თუმცა ქალაქში ზუსტი ვითარება გაურკვეველი რჩება. 
  • ოკუპანტებმა იზიუმში ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
  • რუსი სამხედროები ავდიივკას ჩრდილოეთით დაწინაურდნენ.
  • რუსეთის სამხედროებმა ძალებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები