სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო მის ქვეყანას წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ ვუჩიჩმა სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ემბარგოს გამო, სერბეთს ერაყული ნედლი ნავთობის იმპორტი მოუწევს, რომლის ერთი ბარელიც, რუსულთან შედარებით, 31 დოლარით ძვირია.
"მხოლოდ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებით, მათ ჩვენი ჯიბიდან 600 მილიონი დოლარი ამოიღეს. 600 მილიონი დოლარი ამოღებულია უშუალოდ სერბეთის მოქალაქეების ჯიბიდან, წლიურად. სერბმა ხალხმა ეს უნდა იცოდეს. ერაყული ნავთობი, ერთი ბარელი 31 დოლარით უფრო ძვირი ჯდება. მათ ჩვენგან 600 მილიონი აიღეს, ჩვენ კი გაზისთვის დამატებითი თანხის ინვესტირებაც გვიწევს". - თქვა ვუჩიჩმა.
გარდა ამისა, ვუჩიჩმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ სერბეთის მეზობლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ბელგრადში ჩასვლის საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, სერბეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, თუმცა, ამავდროულად, "რუსეთი სერბეთის ტრადიციული მეგობარია".