აშშ - სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს

ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ და აშშ რვა რაკეტა გაუშვეს. ფხენიანი სარაკეტო ტესტებს აგრძელებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ჩრდილოეთ მეზობლის ნებისმიერ პროვოკაციას მკაცრად უპასუხებს.

"დავრწმუნდებით, რომ ჩვენი ხალხის სიცოცხლესა და მათი საკუთრების დაცვას პრობლემა არ შეექმნას". - აღნიშნა მან.

სეულში ომის მემორიალურ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები უკვე საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიისა და მსოფლიოს მშვიდობას. 

აშშ-სა და სამხრეთ კორეის მხრიდან ეს უკვე მეორე საპასუხო გასროლაა. მანამდე, ფხენიანმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეგიონში ვიზიტისას გაუშვა რაკეტა. ბაიდენის ვიზიტისას მხარეები საერთო სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ წვრთნების მთავარი მიზანი ჩრდილოეთ კორეის შეკავებაა, რომელიც ბირთვული არსენალის გაფართოებას ცდილობს

პრეზიდენტმა იუნმა ინაუგურაციის შემდეგ რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებზე პასუხი წინა ადმინისტრაციასთან შედარებით უფრო მკაცრი იქნება. 

გაერო უკრძალავს ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდას. თუმცა,  იზოლირებულმა კომუნისტურმა სახელმწიფომ ბოლო თვეებში ათობით რაკეტა გამოცადა, მათ შორის პირველად უკანასკნელ ხუთ წელში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

კომენტარები