მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს თქმით, მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტმა კრიტიკულ დონეს მიაღწია. ანდრიუშენკოს ინფორმაციით, მოსახლეობის სასმელი წყლის მისაღებად რეგისტრაცია სჭირდებათ და ამის უფლება მხოლოდ ორ დღეში ერთხელ აქვთ.
ანდრიუშენკო აღნიშნავს, რომ მარიუპოლზე თავდასხმის შედეგად მოსახლეობას ელექტროენერგია, გაზი და მილსადენით წყალი ჯერ კიდევ არ მიეწოდება.
"ადრე წყლის რაოდენობა შეზღუდული იყო, ახლა კი საერთოდ შემცირდა - წყლის მისაღებად, რიგში რეგისტრაციაა საჭირო. მომავალში ტემპერატურა მოიმატებს, წყლის დონე დაეცემა და წყალიც კიდევ უფრო ნაკლები იქნება". - თქვა ანდრიუშენკომ.
ანდრიუშენკო, რომელიც მარიუპოლში არ იმყოფება, ამბობს, რომ საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული წყალი არ არის ეკოლოგიურად სუფთა, რადგან ადუღების გარეშე მისი მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია.
"ფაქტობრივად, ხალხი იყენებს მას [წყალს] ისე, როგორც არის. ეს ერთდროულად ორმაგი საფრთხეა". - ამბობს ანდრიუშენკო.
ანდრიუშენკომ მიწის ზედაპირზე დამარხული გვამების გამო ქალაქში სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელების რისკებზე ისაუბრა.
"ძნელი სათქმელია [რა სახის ეპიდემია], ჩვენ ველით ქოლერას, ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას, რომელიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. ანტისანიტარული პირობების შედეგად, ეს სრულიად შესაძლებელია". - დასძენს ანდრიუშენკო.