ალექსანდრ ნევზოროვი

ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვსა და მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, ალექსანდრ ნევზოროვსა და მის მეუღლეს, ლიდიას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

"ალექსანდრ ნევზოროვსა და მის მეუღლეს, ლიდიას ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭათ.

მადლობა ალექსანდრ და ლიდია, თქვენი გაბედულობისა და სამართლიანობისთვის. ასევე, ომის შეჩერებაში დახმარების გულწრფელი სურვილისა და არსებული რეალობის ზუსტი შეფასებისთვის". - წერს გერაშენკო Telegram-ის არხზე.

როგორც ნევზოროვმა Telegram-ის არხზე დაწერა, ის მადლიერია გამოფიტული, სასოწარკვეთილი და დასისხლიანებული უკრაინელი ხალხის, რომ მათ შორის ადგილის დაკავების საშუალება მიეცა.

22 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჟურნალისტს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ვერსიით ნევზოროვმა საკუთარ Instagram და Youtube არხებზე "ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს რუსმა სამხედროებმა გამიზნულად დაბომბეს მარიუპოლის სამშობიარო".

მოგვიანებით როსკომნადზორმა დაბლოკა ნევზოროვის პირადი საიტი, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა.

ალექსანდრ ნევზოროვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტია, რომელის კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, 80-იან წლებში დაიწყო. ნევზოროვმა 2014 წელს ყირიმის ანექსია გააპროტესტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაში ღიად აკრიტიკებდა როგორც რუსეთის მთავრობას, ისე რუს ხალხს. 

კომენტარები