რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ფორმალურად დაამტკიცა

ТАСС

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ფორმალურად მიიღო. 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციების ახალი პაკეტი კრემლს ომის დაფინანსების შესაძლებლობას უზღუდავს.

"ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვზღუდავთ რუსეთისთვის შემოსავლის მასიურ წყაროს. ჩვენ საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან დამატებით რუსულ ბანკებს ვრიცხავთ. ასევე, სანქციებს ვადებთ მათ, ვინც ბუჩასა და მარიუპოლში  ჩადენილ სისასტიკეში არიან პასუხისმგებლები და ასევე ვკრძალავთ დეზინფორმაციის გამავრცელებელ დამატებით აქტორებს, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის ომის პროპაგანდას ეხმარებიან". – თქვა ბორელმა.

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა.

ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.

კომენტარები