რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის ორი ივნისის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სევეროდონეცკისა და დონბასის დაკავებაზე კონცენტრაცია ხერსონის ოლქში ოკუპანტების პოზიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხერსონი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან ეს უკრაინაში ერთადერთი ადგილია, სადაც ოკუპანტები მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებენ. თუ რუსეთი ხერსონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებს, ის მეტად გაძლიერდება, ხოლო თუ უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს, მომავალი თავდასხმისგან თავის დაცვა უკეთ შეეძლება. 

რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში უკრაინის მხრიდან პარტიზანულ ზეწოლას ელის. უკრაინის მთავარმა დაზვერვის დირექტორატმა (GUR) 1 ივნისს გამოაცხადა "ლუგანსკის პარტიზანული“ პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად. უკრაინის გენერალურმა შტაბმა დამატებით განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი კუპიანსკში (BTG) გადაიყვანეს. 

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა ახლა აღმოსავლეთ უკრაინისკენ, კონკრეტულად სამხრეთ ხარკივის, დონეცკისა და ლუჰანსკისკენაა მიმართული. რუსეთის მიზანი აღმოსავლეთში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანად დაკავებაა.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები 31 მაისს სევეროდონეცკში მდებარე "აზოტის" სასუქის წარმოების ქარხანას დაარტყეს, რამაც აზოტის მჟავას ტოქსიკური კვამლის გავრცელება გამოიწვია. საწარმოო ქარხანა იყო ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რესურსი სევეროდონეცკისა და ლუგანსკის რეგიონისთვის და რუსული ძალებისთვის. ოკუპანტებმა ანალოგიურად მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანა გაანადგურეს, რომელსაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამრეწველო მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სევეროდონეცკში აზოტის ქარხანა მთლიანობაში ნაკლებად პროდუქტიული იყო, ვიდრე აზოვსტალი, მისი განადგურება რუსული ძალების სისტემური წარუმატებლობის ნაწილია, რაც რეგიონის ეკონომიკური ობიექტების ვერ აღებას უკავშირდება. 

  • გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სლოვიანსკის ჩრდილოეთით თანდათანობით წინსვლას მიაღწიეს, მაგრამ, სავარაუდოდ, სლოვიანსკის გზაზე კონტროლის დამყარება ჯერ ვერ შეძლეს.
  • ოკუპანტები სამხრეთიდან და დასავლეთიდან ლისიჩანსკის მიმართულებით დაწინაურებას სევეროდონეცკიდან ცდილობენ, რათა აირიდონ მდინარის გავლით ბრძოლა. თუმცა ამ კუთხით მათი წინსვლა ჯერჯერობით შეზღუდულია.
  • რუსი სამხედროები ავდიივკას ჩრდილოეთით დაწინაურდნენ.
  • რუსეთის სამხედროებმა ძალებმა უკრაინელების კონტრშეტევის წნეხზე პასუხად გაანადგურეს უკრაინელების აშენებული ხიდები ინჰულეცის მდინარეზე ქალაქ დავიდივ ბრიდის სიახლოვეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები