ეროვნული ბანკი

სებ: გაურკვევლობა მაღალია, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე

"რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაურკვევლობა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალია, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა" - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. სებ-ის შეფასებით, საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც ინარჩუნებს. ამასთან, პირველი ივნისის სხდომაზე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე დატოვა

"მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა და სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება. პირდაპირი სანქციები მხოლოდ ერთ, რუსული ბანკის შვილობილ ბანკს შეეხო და ეს პრობლემა აქტივ-ვალდებულებების ნაწილის სხვა ბანკებზე გაყიდვით მალევე გადაიჭრა.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განახორციელებს კონტრციკლურ ღონისძიებებს, როგორც ეს პანდემიის საწყის პერიოდში გააკეთა, და რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სექტორის მდგრადობას. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეროვნული ბანკის სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს".

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.

რა არის კონტრციკლური ბუფერი?

ეროვნული ბანკის განმარტებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.

კომენტარები