რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გასაცემად ემზადებიან

რუსეთი აპირებს, რომ ზაპოროჟიეში მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გასაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფები გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის საბჭოს წევრზე, ვლადიმირ როგოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფები, შესაძლოა, განთავსდნენ ზაპოროჟიეს ოლქში, რათა რუსული პასპორტების გასაცემად დოკუმენტაცია მიიღონ. პროცესის ორგანიზების გზები მუშავდება". – თქვა როგოვმა.

მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად როდის დაიწყება პასპორტების გაცემა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები