რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

AP: დასავლეთი განიხილავს, რუს ოლიგარქებს სანქციებისგან თავის დაღწევის საშუალება შესთავაზოს

კანადის ფინანსთა მინისტრი G7-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიაში
Federico Gambarini/dpa via AP

გამოცემის AP News-ის ინფორმაციით, დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ, რომ სანქციები მოუხსნან იმ რუს ოლიგარქებს, რომლებიც უკრაინის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შესახებ კანადის ვიცეპრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, კრისტია ფრილენდმა დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. 

ოფიციალური პირების თქმით, პირობების გათვალისწინებით, სანქციების მოხსნის ინიციატივასთან დაკავშირებით უკრაინის მხარე ინფორმირებულია. მათი განმარტებით, დასავლეთის ინტერესშია, რომ, ერთი მხრივ, ოლიგარქები პუტინის რეჟიმს განუდგნენ, მეორე მხრივ, გაიზარდოს უკრაინის ფინანსური დახმარება. 

დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ოლიგარქთა მილიარდი დოლარის ქონება დასავლეთის ქვეყნებთანაა დაკავშირებული. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

ლონდონის ჩელსის ყოფილმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა, რომელსაც სანქციები პუტინთან კავშირების გამო დაუწესეს, აღნიშნა, რომ საფეხბურთო გუნდის გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავალი უკრაინის ომში დაზარალებულებს გადაეცემა. 

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსი ოლიგარქების 800 მილიარდამდე აქტივი ძირითადად დაბანდებულია დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, კვიპროსისა საბანკო ცენტრებში.

კომენტარები