რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ომის კვლევის ინსტიტუტის 25 მაისის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ნაციონალისტი მოღვაწეები უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წარუმატებლობას ხშირად აკრიტიკებენ. რუსეთის ოფიცერთა ასამბლეამ, პრორუს ვეტერანთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ, რომელიც რუსეთის სამხედრო სტრატეგიის რეფორმირებას ცდილობს, კრემლს უკრაინაში ომის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ასამბლეის მიხედვით, რუსეთის "სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ“ სამ თვეში მიზანს ვერ მიაღწია. ISW-ს შეფასებით, რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის (BTG) განადგურებამ რუსეთის სამხედრო ძალების მოტივაცია შეამცირა.

რუსეთის სამხედრო ბლოგერები ანალიზების გამოქვეყნებას განაგრძობდნენ. ისინი რუსეთის ძალისხმევას სკეპტიკურად უყურებენ. ერთ-ერთი ასეთი ბლოგერი, იგორ სტრელკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეტევა დონბასის ასაღებად საბოლოოდ ჩაიშალა. მისი თქმით, "არცერთი დიდი დასახლება" არ არის გათავისუფლებული. სტრელკოვმა აღნიშნა, რომ რუბიჟნეს აღება შედარებით უმნიშვნელოა, რადგან ეს დონბასში ახალი შეტევის დაწყებამდე მოხდა. მისი შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაფხულისთვის დონბასის გათავისუფლება შეძლონ. მათივე ინფორმაციით, კრემლმა ძალების დროული მობილიზება და რეზერვების ადეკვატურად მომზადება ვერ შეძლო, მაშინ როცა უკრაინა ჯარისკაცებს კონტრშეტევებისთვის წარმატებით ამზადებს.

რუსეთის სამხედრო ძალები მაღალი სიზუსტის შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იარაღის მზარდი ნაკლებობის გამო, ოკუპანტები თვითმფრინავების გამოყენებას განაგრძობენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR) აღნიშნა, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის მარაგის 60%-მდე უკვე ამოწურულია.

ამასთან ერთად, უცნობმა თავდამსხმელებმა რუსეთში სამხედრო გაწვევის ოფისებზე შეტევები განაგრძეს, რაც გაწვევის მიმართ მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს. რუსული Telegram-ის არხის მიხედვით,  უცნობმა თავდამსხმელმა უდმურტიის რეგიონში სამხედრო დაკომპლექტების ოფისს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ხოლო 19 მაისს რუსმა წვევამდელმა პნევმატური მოწყობილობით ჟელეზნოგორსკ-ილიმსკის (ირკუტსკის ოლქი) რეკრუტირების ოფისს ესროლა. უკრაინის გენერალურის შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რეკრუტირების ოფისებზე 12 თავდასხმა განხორციელდა.

კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი პასპორტების მფლობელთა ფონდის გაფართოებას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 25 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში რუსული პასპორტის აღების პროცედურას გაამარტივებს. ე. წ "მასობრივი პასპორტიზაციის“ განახლებული კამპანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს. საოკუპაციო ხელისუფლებამ შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს საშუალება გამოიყენოს, რადგან რუსული პასპორტის მქონე ადამიანები იძულებით სამხედრო სამსახურს დაექვემდებარებიან.

ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად პირველ სამ თვეში რუსეთმა, სავარაუდოდ, დაღუპულთა იმავე რაოდენობა განიცადა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს. დანაკარგების ასეთი მაღალ მაჩვენებელი, რომელიც დონბასში შეტევის დროს იზრდება, რუსეთის არმიის ცუდმა ტაქტიკურმა კომბინაციებმა, შეზღუდულმა საჰაერო დაცვამ, მოქნილობისა და გუნდური მიდგომის ნაკლებობამ გამოიწვია. რუსეთის საზოგადოებამ წარსულში დაამტკიცა, რომ ომისგან გამოწვეული მსხვერპლის მიმართ მგრძნობიარეა. უკრაინაში მსხვერპლის ზრდასთან ერთად კი ეს ფაქტი უფრო აშკარა ხდება და შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილებაც გაიზარდოს.

  • რუსი ნაციონალისტი მოღვაწეები (მათ შორის ვეტერანები და სამხედრო კომენტატორები) უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წარუმატებლობას აკრიტიკებენ და რუსეთს შემდგომი მობილიზაციისკენ მოუწოდებენ, რომლის განხორციელებაც კრემლს, სავარაუდოდ, არ სურს და მოკლევადიან პერიოდში არ შეუძლია.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის ირგვლივ საჰაერო და საარტილერიო დარტყმები გაახშირეს. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შეტევითი ოპერაციების განახლებას გეგმავენ.
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ოპერაციებმა სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით მცირე წარმატებას მიაღწიეს.
  • უკრაინული წყაროების მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები პოპასნას ირგვლის პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
  • ოკუპანტები სევეროდონეცკის ალყის გასაძლიერებლად ჩრდილოეთით პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის თავდასხმების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დონეცის დასავლეთით, მდინარე სივერსკში პოზიციების დაკავებას შეეცდებიან.
  • ოკუპანტები მარიუპოლში ფილტრაციისა და დეპორტაციის პროცედურებს აძლიერებენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები