ლელო

ლელო მზადაა, ქართულ ოცნებასთან და პროდასავლურ პარტიებთან ერთად ბრიუსელში გაემგზავროს

ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia / Facebook

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარტია მზადაა, ქართულ ოცნებასთან და პროდასავლურ პარტიებთან ერთად ბრიუსელში გაემგზავრონ იმისთვის, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთიანობა აჩვენონ.

"საქართველოსთვის დღეს უმნიშვნელოვანესი თემა წყდება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის შეთავაზება: ჩვენ მზად ვართ, ქართულ ოცნებასთან და ყველა პროდასავლურ პარტიასთან ერთად დავსხდეთ და გავემგზავროთ იმ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ეს არის ბრიუსელი. და ვუთხრათ, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ამ საკითხების გარშემო არის ერთიანი, ერთსულოვანი დ ერთად ვდგავართ ჩვენი ამ მიზნის მისაღწევად. ძალიან კონკრეტული და მარტივი შეთავაზებაა, დანარჩენი, პასუხი ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული და ჩვენ მათ რეაგირებას დაველოდებით." - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

23 მაისს ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარტიის სახელით გააჟღერა ინიციატივა, რომ ივნისის შუა რიცხვებამდე, სანამ ევროპული საბჭოს შეხვედრა გაიმართება და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოხდეს შარლ მიშელის დოკუმენტთან კვლავ შეერთება. აგრეთვე, იმ პარტიებისგან, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდნენ, შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც გაემგზავრება ბრიუსელში და შეხვედრებს გამართავს ყველა ინსტიტუციაში, რომელიც ჩართულია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.

ასევე, ლელოს ინიციატივით, ეს ინტერპარტიული ჯგუფი უნდა ჩავიდეს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში, სადაც აჩვენებენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყანა და პარტიები არის ერთიანი. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ თუ ის ამ შეთავაზებაზე უარს იტყვის, ესე იგი ის უარს ამბობს საქართველოს ევროპულ მომავალზეც.

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად განაცხადი აქვს შევსებული. 

კომენტარები