რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი რუსი სამხედროს პატიმრობაზე: ჩვენ გვაღელვებს ჩვენი მოქალაქის ბედი

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინის სასამართლოს მიერ რუსი სამხედროსთვის, ვადიმ შიშიმარინისთვის, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს ჩვენი მოქალაქის ბედი. ჩვენ არ გვაქვს  შესაძლებლობა, მისი ინტერესები დავიცვათ, იმის გათვალისწინებით, რომ უცხოური ინსტიტუტები რეალურად არ მოქმედებენ კიევში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ განვიხილავთ მცდელობების შესაძლელობას სხვა არხების საშუალებით". – თქვა პესკოვმა. 

უკრაინის სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 

გადაწყვეტილება კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო. 

უკრაინის ინფორმაციით, შიშიმარინმა ომის დაწყების პირველ დღეებში სუმის ოლქში მოკლა 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა.  

შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო გაასამართლეს. პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულების გამო მომავალში სხვა ოკუპანტებსაც გაასამართლებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ.   

"[კაცის მოკვლამდე] კოლონამ, რომელშიც სერჟანტი შიშიმარინი იმყოფებოდა, ჩვენი [უკრაინელების] კოლონა გაანადგურა. გაქცევისას მან და კიდევ ოთხმა მებრძოლმა კერძო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ის მძღოლს წაართვეს. მოპარულ მანქანით, რომელსაც ბორბლები დაცხრილული ჰქონდა, მოსაზღვრე სოფელში შევიდნენ. მოკლული მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. ერთ-ერთმა სამხედრომ სერჟანტს უბრძანა, მოეკლა მშვიდობიანი მოქალაქე. მან მანქანის ღია ფანჯრიდან კალაშნიკოვის ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა 62 წლის კაცს თავში. ის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ადგილზე გარდაიცვალა".- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

შიშიმარინმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და პატიებაც ითხოვა. 

კომენტარები