რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანდრიუშენკო: ვინც მარიუპოლის მონახულებას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ცალმხრივი მოგზაურობაა

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა, რომლებიც მარიუპოლს აკონტროლებენ, ქალაქში შესვლისა და გასვლისთვის მანქანის საშვების მოთხოვნა დაიწყეს. 

ასევე, ანდრიუშენკო ამბობს, რომ მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებული უკრაინელების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

21 მაისს შემოღებული შეზღუდვების მიხედვით, მარიუპოლში შემავალ მანქანებსა და მგზავრებს რუსი მეთაურის მიერ გაცემული ერთჯერადი საშვი დასჭირდებათ.

ანდრიუშენკოს თქმით, ქალაქიდან გასასვლელად მოქალაქეებმა საშვი რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უნდა გამოითხოვონ.

"მათთვის, ვინც მარიუპოლის მონახულებას აპირებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ცალმხრივი მოგზაურობაა, რადგან ახალი საგუშაგოების გაჩენის შემდეგ, ყველა გზა, როგორც მთავარი, ასევე შემოვლითი, გადაკეტილია. ფილტრაციის პროცედურის გვერდის ავლით ქალაქიდან გასვლა ან საოკუპაციო ხელისუფლებისგან საშვის მიღება შეუძლებელია". - ამბობს ანდრიუშენკო.

უკრაინის მონაცემებით, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან დაახლოებით 50 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებით გადაასახლეს. უკრაინის ხელისუფლება, ამ დრომდე, მათი ადგილმდებარეობის გარკვევას ცდილობს.

17 მაისს უკრაინამ დაიწყო აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით დაჭრილთა ევაკუაციის დეტალებს არ ასაჯაროებს. რუსულ მედიაში წერენ, რომ დაჭრილი უკრაინელი სამხედროები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ვოლოდინი აზოვის მებრძოლებზე: ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაცვალონ
რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები