ბელარუსი

ბელარუსში ჯორჯ ორუელის რომანის, 1984-ის გაყიდვა აიკრძალა

ბელარუსში წიგნების მაღაზიებს ჯორჯ ორუელის რომანის 1984 გაყიდვიდან ამოღება უბრძანეს. განკარგულება 19 მაისამდე უნდა შესრულდეს. ინფორმაციას ლუკაშენკოს მთავრობის მიერ ექსტრემისტულ ორგანიზაციად შეფასებული გამოცემა Наша Ніва ავრცელებს.

1984 ბრიტანელი მწერლის, ჯორჯ ორუელის ცნობილი ფანტასტიკური რომანია. ანტიუტოპიის მოქმედება ახლო მომავალში, ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხდება, რომელსაც ძლიერი პროპაგანდისტული ინსტიტუციებისა და რეპრესიების საშუალებით დიქტატურა მართავს.

საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ზემოხსენებული წიგნის გამოცემა 1987 წლამდე აკრძალული იყო. ბელარუსში ორუელის რომანი პირველად 1992 წელს ითარგმნა და გამოიცა. 2020 წელს კი რომანი გამომცემლობა Янушкевич-მა ხელახლა თარგმნა და გამოსცა. მომდევნო წელს კი გამომცემლობამ ტირაჟი გაზარდა, რადგან წიგნი სხვადასხვა მაღაზიებში გაყიდვების ლიდერად იქცა. სამთავრობო ვებგვერდის Белкнига-ს ბესტსელერების რეიტინგში 1984 მეოთხე ადგილს იკავებს, რაც ათეულობით წლის წინ გამოცემული წიგნებისთვის არცთუ დამახასიათებელია.

აღსანიშნავია, რომ 16 მაისს სწორედ ორუელის ხსენებული წიგნის გამომცემი Янушкевич-ის დამფუძნებელი, ანდრეი იანუშკევიჩი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, იანუშკევიჩის მაღაზიაში პოლიციამ რეიდი ჩაატარა, 200-ზე მეტი წიგნი ამოიღო და გამომცემელი დააკავა. 15-ზე მეტი პუბლიკაციას კი ექსპერტიზა ჩაუტარა. იანუშკევიჩის დაკავების მიზეზი უცნობია.

კომენტარები