რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიზ თრასი: უკრაინაში პუტინის დამარცხება უნდა უზრუნველვყოთ, ეს რუსეთის აგრესიას შეაკავებს

Kuba Stezycki/Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოიხსნას, რაც ჯარები უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ. ამის შესახებ თრასმა დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. 

BBC-ის ცნობით, თრასმა ასევე თქვა, რომ ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგობის მხარდასაჭერად "უფრო სწრაფად და შორს" უნდა წავიდნენ. მისივე სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უნდა დამარცხდეს - ეს შემდგომ აგრესიას შეუშლის ხელს. თრასმა ასევე მოუწოდა G7-ის ქვეყნებს, დააწესონ სანქციები მანამ, სანამ რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან.

"პუტინი მსოფლიო ასპარეზზე თავს იმცირებს. ჩვენ უკრაინაში მისი დამარცხება უნდა უზრუნველვყოთ, ეს მას ყველა სარგებელს წაართმევს და საბოლოოდ შეაკავებს რუსეთის ყველა აგრესიას". - ამბობს თრასი.    

ასევე, თრასმა მოუწოდა ქვეყნებს, გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისთვის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები