17 მაისი

საპატრიარქო: გულისტკივილს იწვევს საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს  

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მრევლს ლოცვისა და მსვლელობისკენ მოუწოდებს. მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, ქაშვეთის ეკლესიაში შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი, მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა სიონისკენ.

"პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, მშვიდობისადმი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.

არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.  

ომი საშინელებაა; იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას.

ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.

გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების  საწინდარია" - ნათქვამია განცხადებაში. 

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს ლგბტქ+ აქტივისტებმა პარლამენტთან მცირერიცხოვანი აქცია დაგეგმეს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა და მრევლმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია ძალადობრივად დაშალა.

ამის შემდეგ, 2014 წლიდან საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები