რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიამ მიხაილ მიშუსტინსა და რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

Alexey Nikolsky / AFP

10 მაისს იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა - სანქცირებულთა შორის მოხვდა რუსეთის პრემიერმინისტრი, მიხაილ მიშუსტინიც. ასევე, გაიყინა 130-ზე მეტი ადამიანის აქტივი.

იაპონიის მიერ დაწესებული ახალი სანქციები ეხება რუსეთის რვა მოქალაქესა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 133 წევრს.

სამინისტროს ცნობით, სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმირ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმშენკოს ოჯახის წევრები. როგორც CNN წერს, უცნობია, ფლობენ თუ არა ისინი იაპონიაში აქტივებს. 

ასევე, იაპონიამ დამატებით 71 რუსულ ორგანიზაციას ექსპორტი აუკრძალა, მათ შორის არიან მწარმოებლები და კვლევითი ინსტიტუტები.

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება 2022 წლის მარტში დაიწყო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, იაპონიამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის ოჯახის წევრებს აქტივები გაუყინა. 

რუსეთმა იაპონიის სანქციებს თავადაც სანქციების დაწესებით უპასუხა -  ოფიციალური პირებს, მათ შორის, პრემიერმინისტრ ფუმიო კიშიდას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

კომენტარები