საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ახალი ტიპის ევროპული პოლიტიკური ალიანსის შექმნას, რომელიც ევროკავშირს მიღმა მყოფ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს, საშუალებას მისცემს შეუერთდნენ "ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს".
მაკრონის თქმით, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომც მიენიჭოს, მის სრულად გაწევრიანებას შეიძლება წლები დაჭირდეს, შესაბამისად, გაწევრიანების წესდების შეცვლის ნაცვლად, საფრანგეთის პრეზიდენტი პარალელური ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოდის.
"უკრაინა, მისი ბრძოლითა და სიმამაცით უკვე ევროპის, ჩვენი ოჯახისა და ჩვენი კავშირის გულითადი წევრია. [...] რომც ხვალ მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ყველამ კარგად ვიცით, რომ გაწევრიანების პროცესს რამდენიმე წელი, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულიც დაჭირდეს". – თქვა მაკრონმა.
უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსება 17 აპრილს დაასრულა.
8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.
პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა თვლის, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება.





