ნონიაშვილი: ანტიპუტინისტი მუსიკოსების კონცერტზე მერიამ ბარს ბანერი – "არა ომს" ჩამოახსნევინა

Giorgi Noniashvili / Facebook

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარს, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად ანტიპუტინისტი რუსი მუსიკოსები კონცერტს მართავდნენ, თბილისის მერიამ ბანერი წარწერით – "არა ომს" ჩამოახსნევინა.

"ანტიპუტინისტი რუსი მუსიკოსების (Volya Team) კონცერტია უკრაინის მხარდასაჭერად, ათონელის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში. შემოსასვლელში ბანერი ეკიდა – "არა ომს". მერია მოვიდა და ჩამოახსნევინა. ეგ უკვე მიტინგიაო". – წერს ნონიაშვილი Facebook-ზე.

განახლება: ტაბულა მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტების მისაღებად თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ათონელის ქუჩაზე უნებართვოდ განთავსებულ ბანერთან დაკავშირებით მათ შეატყობინეს, თუმცა, ჯერჯერობით, რეაგირება არ მოუხდენიათ და მათ არ ჩამოუხსნიათ.

"ჩვენ არ ჩამოგვიხსნია, დღეს შემოვიდა შეტყობინება, მაგრამ ჯერ ვერ მოვასწარით რეაგირება. ცხელ ხაზზე იყო შემოსული, რაზეც ჩვენ გვევალება, რომ მოვახდინოთ რეაგირება – უნებართვოდ არის განთავსებული პლაკატი ომის თემაზეო. ჩვენ არ ჩამოგვიხსნია, შეიძლება, ვინც რეკავდა, მან ჩამოხსნა, არ ვიცი. ჩვენ ჯერ არ მივსულვართ". – უთხრეს ტაბულას მუნიციპალური ინსპექტირების პრესსამსახურში.

მათივე განმარტებით, კანონის თანახმად, ნებისმიერ ბანერის ან სარეკლამო სტენდის განთავსებას წინასწარ ნებართვის მიღება სჭირდება.

კომენტარები