რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი: ევროპის ერთიანობა ინგრევა

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვებით, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სუვერენიტეტის შენარჩუნება სურთ, გაერთიანება უნდა დატოვონ.

ვოლოდინის თქმით, ევროპარლამენტის მოთხოვნა ევროკავშირის სოლიდარობის პრინციპის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ვეტოს უფლების მიტოვებას გულისხმობს, მიუღებელია.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის წევრების მხრიდან ვეტოს უფლების მიტოვება ცალკეული სახელმწიფოებისა და, შესაბამისად, მათი მოქალაქეების აზრის უგულებელყოფას გულისხმობს". - წერს ვოლოდინი Telegram-ზე.

დუმის სპიკერის მტკიცებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ამ საკითხში ერთიანობას ვერ ინარჩუნებს - აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში მოქმედი პრინციპზე უარის თქმა მოუწევთ. 

"თუ სახელმწიფოებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის შემადგენლობაში არიან, სუვერენიტეტის შენარჩუნება და საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა სურთ, მათ მხოლოდ ერთი გზა რჩებათ - ევროკავშირის დატოვება. ევროპის ერთიანობა ინგრევა“. - თქვა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები