რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი უარყოფს, რომ უკრაინას МОСКВА-ს ჩაძირვაში ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა

პენტაგონი უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინას კრეისერ Москва-ს ჩაძირვაში ინფორმაციის მიწოდებით დაეხმარა.  

"ჩვენ არ მიგვიწოდებია უკრაინისთვის Москва-ს შესახებ კონკრეტული ინფორმაცია. 

ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა გემზე დარტყმასთან დაკავშირებით უკრაინელების გადაწყვეტილებაში ან იმ ოპერაციაში, რომელიც მათ ჩაატარეს". - თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ. 

კირბი ასევე ამბობს, რომ აშშ-ს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ უკრაინა კრეისერის ჩაძირვას აპირებდა.  

5 მაისს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული კრეისერი Москва-ს ჩაძირვაში აშშ-ს მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაცია დაეხმარა. ამის შესახებ მედიასთან ანონიმურმა წყაროებმა ისაუბრეს.

ანონიმური წყაროების თქმით, აშშ-ს მიწოდებული ინფორმაციის გარეშე ხომალდის ჩაძირვა, შესაძლოა, შეუძლებელი ყოფილიყო. ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა WP-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, აშშ-მ არ იცოდა უკრაინელი სამხედროები ხომალდზე იერიშს თუ მიიტანდნენ.

გასულ თვეში NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარებოდა. აშშ-ს დაზვერვა უკრაინის მხარეს აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ზუსტად სად და როდის ჩამოვარდებოდა რუსული რაკეტები, რაც მათ საშუალებას აძლევდა საჰაერო თავდაცვის სისტემები სახიფათო ზონიდან გამოეყვანათ. ამავე ინფორმაციით, აშშ უკრაინას აწვდიდა თითქმის თანადროულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც უკრაინელებმა შეძლეს ჩამოეგდოთ რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ასობით სამხედრო გადაჰყავდა.

ცნობა, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის, The New York Times-თან დაადასტურა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმაც. 

13 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ Москва-ს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს. გემი ჩაიძირა. 

კომენტარები