რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა და კიევში მიიწვია

AFP

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა "წარსული უსიამოვნებების მოგვარება შეძლეს".

საუბრის შემდეგ კი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შტაინმაიერი და "გერმანიის ყველა სხვა სახელმწიფო ლიდერი კიევში მიიწვია".

გერმანული მედიის ცნობით, შტაინმაირსა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიას იმედი აქვთ, რომ შოლცი კიევში ახლო მომავალში ჩავა. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, შოლცი უკრაინაში ფრანგ კოლეგასთან, მაკრონთან ერთად გაემგზავროს, რომელიც ორშაბათს ბერლინში ვიზიტს გეგმავს.

პარალელურად, კიევში ჩასვლას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი და ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბერბელ ბაზი გეგმავენ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.


12 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად აპირებდა კიევში ჩასვლას, თუმცა გერმანული წყაროების მიხედვით, მისი უკრაინაში ჩასვლა არ ინებეს.

კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულებას და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ამის შემდეგ, მის ნაცვლად უკრაინულმა მხარემ კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიწვია. თუმცა, შოლცის თქმით, მიწვევის მიუხედავად, ის უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავდა.

კომენტარები