რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანდუ: მოლდოვა დნესტრისპირეთში პესიმისტური სცენარებისთვის მზად არის

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ
Reuters

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, ქვეყანას უკრაინის ომისგან გამოწვეული არეულობის თავიდან აცილება შეუძლია და მთავრობა არსებულ ვითარებას გარდაუვალ საფრთხედ არ აფასებს, მიუხედავად ბოლო დღეებში პრორუსი სეპარატისტების მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა. 

"ჩვენ ვერ ვხედავთ გარდაუვალ საფრთხეს უახლოეს მომავალში, მაგრამ, რა თქმა უნდა, საგანგებო გეგმები მსგავსი სცენარებისთვის მზად გვაქვს. ეს სცენარები შეიძლება შეფასდეს, როგორც ნაკლებად ოპტიმისტური, ან - პესიმისტური". - თქვა მაია სანდუმ.

სიტუაცია დამძიმდა მას შემდეგ, რაც პრორუსმა სეპარატისტებმა მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონში რამდენიმე თავდასხმისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და თავდასხმებში კიევი დაადანაშაულეს. 

მაია სანდუს თქმით, მოლდოვის პოლიცია ყველაფერს აკეთებს დნესტრისპირეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

ასევე, ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას განიხილავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვაში ვიზიტისას ისაუბრა.

მიშელის თქმით, ეს დახმარება მოლდოვას გააძლიეროს ლოჯისტიკისა და კიბერთავდაცვის სფეროები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

"ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას, რათა გააძლიეროს მისი მედეგობა და გაუმკლავდეს რუსეთის აგრესიის შედეგებს უკრაინაში, დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და კიბერშეტევების მოგერიებაში". – დაწერა მიშელმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ.

25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა.

1 მაისს მოლდოვის სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა. სამსახურის ცნობით, თავდასხმის უკან პრორუს ჰაკერთა ჯგუფი KILLNET-ი დგას.

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის ომი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარები