რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საგარეო: კასიანოვს ეთხოვა დაზვერვის ინფორმაციაზე მტკიცებულებების დროულად წარდგენა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი კონსულტაციისთვის გამოიძახა.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

"უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი ფაქტობრივი განმარტებები და მტკიცებულებების დროულად წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა მხარემ  ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ანალოგიური  შინაარსის წინა ბრალდებაზე (2022 წ. 5 აპრილს)". – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, უკრაინელმა დიპლომატმა შეხვედრაზე თქვა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების გარშემო და აღნიშნა, რომ შესაბამის შეტყობინებას კიევს გადასცემდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნების დახმარებით ეკონომიკური სანქციებს თავი აარიდოს. დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ მოსკოვი რეექსპორტისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. უწყების ინფორმაციით, ორასამდე კომპანია უკვე დაარსდა ამ სამ ქვეყანაში.

კომენტარები