რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დღევანდელი დაბომბვა გლობალურ ინსტიტუტებზე რუსეთის დამოკიდებულებაზე ბევრს ამბობს

Emin Sansar / Anadolu Agency / Getty Images

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ვიზიტის დროს ქალაქზე თავდასხმა რუსეთის გლობალურ ინსტიტუტებზე დამოკიდებულებაზე “ბევრს ამბობს”.

"დღეს, კიევში მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, ქალაქში რუსული რაკეტები ჩამოვარდა, ხუთი რაკეტა. ეს რუსეთის ჭეშმარიტ დამოკიდებულებაზე, გლობალურ ინსტიტუტებზე ბევრს ამბობს. მცდელობაა, რომ დაემცირებინათ გაერო და ის, რასაც ეს ორგანიზაცია ემსახურება. გამოდის, რომ ეს მძლავრ პასუხს საჭიროებს. რუსეთის საავიაციო დარტყმები კიევზე, ფასტოვზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჯერ არ შეიძლება მოდუნება. არ შეიძლება იმაზე ფიქრი, თითქოს ომი დასასრულს უახლოვდება.  ჩვენ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ. კიდევ უნდა განვდევნოთ ოკუპანტები".- ამბობს ზელენსკი. 

რუსეთმა კიევის ცენტში, საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლა, რა დროსაც, პირველადი მონაცემებით,  დაშავდა 10 ადამიანი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები