მკვლელობა თბილისში

თბილისში ერთი ადამიანის მოკვლისა და 3-ის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი (1984 წელს დაბადებული გ.დ.) დააკავეს. დანაშაული 7-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გუშინ, 27 აპრილს, თბილისში, საცხოვრებელ კომპლექს დირსში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოთხივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთ-ერთი, 1979 წელს დაბადებული გ.ს. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები