რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნეჰამერი: ავსტრია რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს

კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი რუსული სააგენტო სპუტნიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ავსტრია რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს.

"იქამდე, სანამ რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გავრცელდება: რა თქმა უნდა, OMV რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის გადახდას ევროში გააგრძელებს. ავსტრია ევროკავშირის ერთობლივ შეთანხმებას ზედმიწევნით ემორჩილება". - წერს ნეჰამერი Twitter-ზე.

ცოტა ხნით ადრე, რუსულმა სააგენტო სპუტნიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV რუსული გაზის რუბლში შესყიდვას დათანხმდა. 

გუშინ, 26 აპრილს ბულგარეთმა და პოლონეთმა რუსეთისგან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება 27 აპრილიდან შეუწყდათ. მიზეზი ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. 

პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. 

კომენტარები