უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააღდგომო გზავნილში პირობა დადო, რომ უკრაინას ბოროტება ვერ გაანადგურებს.
ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობიდან, კიევის წმინდა სოფიას ტაძრიდან ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს სიბნელეზე, რომელიც უკრაინას რუსეთის შემოჭრამ მოუტანა.
"ეს ადგილი სიმბოლურია, რადგან გადაურჩა მონღოლთა შემოსევასა და ნაცისტების ოკუპაციას. ეს ქრისტეს ურყევი ეკლესიის სვეტია, მთავარი სიმაგრის, კიევის ურყევი კედელი. მანამ, სანამ არის ორანტა, არის სოფია და მასთან ერთად დგას კიევი, მათთან იდგება მთელი უკრაინაც!
დღეს ჩვენ კვლავ გვჯერა ახალი გამარჯვების. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვერანაირი ურდო ან მტერი ვერ გაგვანადგურებს.
ჩვენ აუცილებლად ვძლევთ ბნელ პერიოდებს. ამ ნათელ დღეს, უმეტესობა ჩვენგანი არ ვართ ნათელ სამოსში, მაგრამ ვიბრძვით ნათელი იდეისთვის. ნათელ მხარეს. ჩვენს მხარეს არის ჭეშმარიტება, ხალხი და წმინდა ზეციური ნათელი.
დაე, სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე იყოს არამხოლოდ ამ დღესასწაულის სიმბოლო, არამედ ყოველდღე იმარჯვებდეს სიცოცხლე სიკვდილთან ბრძოლაში". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს დაივიწყებს მარიუპოლსა და მის გმირ მცველებს.
"მათთვის შესაძლებელია კედლების ნგრევა, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ იმ საძირკვლის დანგრევას, რომელზეც ჩვენი მეომრების სული, მთელი ქვეყნის სული დგას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს ბავშვებზე, რომლებმაც ომის საშინელების გამო ბედნიერი ბავშვობა დაკარგეს, დედებზე, რომლებიც ფრონტიდან შვილების დაბრუნებას ელიან და მათზე, რომლებიც საკუთარ შვილებს ვეღარ იხილავენ.
"ღმერთო, გადაარჩინე უკრაინა! მისი მარჯვენა და მარცხენა ნაპირები.
ჩვენ გვჯერა, ღმერთო, რომ შენ განკითხვისას არ დაივიწყებ მათ, ვინც შენი მცნებები დაივიწყა. არცერთ მათგანს.
ჩვენ კი არ დავივიწყებთ ბუჩას, ირპინს, ბოროდიანკას, გოსტომელს, არ დაგვავიწყდება ჩერნიგოვი, ნიკოლაევი, ხერსონი, ხარკოვი, კრამატორსკი. ყველა სხვა ქალაქი და სოფელი, სადაც ისმის საშინელი აფეთქებების ხმა - დაე, მათ და ყველა ჩვენგანმა მოვისმინოთ გამარჯვების ფეიერვერკი". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ვიდეომიმართვის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"ღმერთო, გააძლიერე ჩვენი ნება და ჩვენი სული. ნუ დაგვეკარგება თავისუფლებისკენ ლტოლვა. მაშასადამე, ნუ დავკარგავთ სიმტკიცეს მართალი ბრძოლისთვის. ნუ დავკარგავთ გამარჯვებისა და თავმოყვარეობის იმედს და შესაბამისად - თავისუფლებას". - თქვა ზელენსკიმ.





