აღდგომა 2022

"ყური დავუგდოთ თითოეულ ტკივილს" – მეუფე მალხაზ სონღულაშვილის სააღდგომო ქადაგება

საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია

"ტკივილები ყველას გვაწუხებს, ყველას გვადარდებს და სწორედ ამიტომ გვინდა, აღდგომის წიაღში ჩვენ ვიპოვოთ ნუგეში, შთაგონება, გამხნევება" – თქვა სააღდგომო წირვაზე საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა. მეუფე მალხაზმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და აღდგომის როლზე ისაუბრა.

"თითოეული ტკივილი მაცნეა, რომელსაც ადამიანი ყური უნდა დაუგდოს – ეს სიტყვები ეკუთვნის ყველა დროის უდიდეს მისტიკოსს, ჯალალედინ რუმის. ამ თვეებში, ამ კვირებში ყველანი განვიცდით ტკივილს, რომელიც გამოწვეულია იმ ტრაგედიით, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მოხდა და ხდება დღესაც. თუ ჯალალედინ რუმი მართალია, თუ თითოეული ტკივილი, რომელსაც ჩვენ განვიცდით, მაცნეა რამისა და ვინმესი, მაშინ საზრისი აქვს, რომ ყური დავუგდოთ თითოეულ ტკივილს. ხოლო ის ტკივილები, რომლებიც უკრაინიდან მოდის და უკრაინის ტკივილითაა ჩვენში გამოწვეული, ბევრს გვეუბნება. გვეუბნება იმას, რომ ეს წუთისოფელი უსამართლოა, მუხთალია, სასტიკია, ამ წუთისოფლად იმედის ადგილი არ არის, ადამიანის სიავეს საზღვარი არ აქვს.

ეს ტკივილები ყველას გვაწუხებს, ყველას გვადარდებს და სწორედ ამიტომ გვინდა, აღდგომის წიაღში ვიპოვოთ ნუგეში, შთაგონება, გამხნევება. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც ეს ტკივილები გვიზიარებენ ჩვენ, გვეუბნება, რომ ამ წუთისოფლად არ არის თავისუფლება.

იმ ადამიანებს, ვინც დღეს ომის მანქანას ამუშავებენ, არ აქვთ თავისუფლების განცდა და აქ არის უამრავი შრე, უამრავი მიზეზი ამისა. მკვდრეთით აღდგომა არის თავისუფლების დღესასწაული. სწორედ ამიტომ, იმედია, რომ მკვდრეთით აღდგომა გვანუგეშებს დღეს ჩვენ ყველას და ახლა". – თქვა მეუფე მალხაზმა.

კომენტარები