რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ჰუმანიტარული პაუზა აზოვსტალში თეთრი დროშების აღმართვის შემდგომ დაიწყება

აზოვსტალის ქარხანა
УНИАН

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლებას მისცემენ, თუ უკრაინელი ჯარისკაცები ჩაბარდებიან.

"რუსეთი მზადაა, ჰუმანიტარული პაუზა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ნებისმიერ დროს გამოაცხადოს, ასევე უკრაინის სამხედრო ძალებისთვის, რომლებიც იარაღის დაყრის სურვილს გამოთქვამენ". -  წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ მიზინცევის ინფორმაციით, თავდასხმები შეწყდება, როდესაც უკრაინის სამხედრო ძალები აზვოსტალზე თეთრ დროშებს აღმართავენ.

"ჰუმანიტარული პაუზის ფაქტობრივი დასაწყისი აზოვსტალის მთელს ტერიტორიაზე ან გარკვეულ ნაწილებში თეთრი დროშების აღმართვა იქნება". - წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელიც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობს, BBC-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მარიუპოლის მცველები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ. აზოვის კაპიტანი თქმით, არ უნდა დაუჯერონ რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, რომ ისინი მარიუპოლს აკონტროლებენ.

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები