მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არასათანადო მომსახურებაზე ინფორმაცია უსაფუძვლოა

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

სპეციალური პენიტენციური სამსახური უსაფუძვლოსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების შესახებ.

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მ. სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე. უწყება აცხადებს, რომ სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები.

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამსახური არ გასცემს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას. განვმარტავთ,  იგი არაერთხელ იყო გამოთხოვილი, როგორც მისი უფლებადამცველების, ასევე, რამდენიმე ორგანიზაციის მიერ, რასაც მათ მიერ მომზადებული  სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 29 მარტს მ. სააკაშვილის უფლებადამცველის მოთხოვნის საფუძველზე, გაიცა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, მზადების პროცესშია გამოთხოვილი სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც გაიგზავნება კანონით განსაზღვრულ ვადაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ბრალდება მ. სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის  შესახებ, ასევე მედიასაშუალებების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსჯავრდებულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მომავალშიც იქნება, მისი მოწამვლის მცდელობა, შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახური გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას მსჯავრდებული მ. სააკაშვილის უსაფრთხოებისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის მიზნით". – ნათქვამია განცხადებაში.

20 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექიმის დახმარება ითხოვა და დარბაზი დატოვა. სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ პენიტენციურ სისტემაში მას სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. პროტესტის ნიშნად შიმშილობის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ სააკაშვილი ჯერ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ დრომდე იგი სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

კომენტარები