რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 21 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედრო

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, კრემლის ინფორმაციით, მარიუპოლის ბრძოლა რუსეთმა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ქვედანაყოფები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ. რუსეთი მარიუპოლის (არასრულ) აღებას დიდ გამარჯვებად გადააქცევს, რათა წარუმატებელი შეტევები გადაფაროს.

მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალების  შეტევითი ოპერაციების ტემპი შენელებულია. ამასთან ერთად, აშშ-ს ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთს მარიუპოლიდან ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები (BTG) ჯერ არ გამოუყვანია. ISW-ს მტკიცებით, რუსეთის ქვედანაყოფებს დიდი ადამიანური დანაკარგი აღენიშნებათ, შესაბამისად მასშტაბური თავდასხმების წარმოება უჭირთ.  ამასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებს პოზიციების შესაცვლელად და ძალების აღსადგენად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდებათ. ISW-ს სამხედრო ანგარიშის მიხედვით, ხსენებულ ქვედანაყოფებს პოზიციების შეცვლამდე მნიშვნელოვანი ამოცანები აქვთ. მათ შორის, აზოვსტალის ქარხნის გარემო ალყის შენარჩუნება, უკრაინის სამხედრო ძალების პარტიზანული ქმედებებისგან მარიუპოლის დარჩენილი ნაწილის დაცვა და სამხრეთ უკრაინაში შეტევების მხარდასაჭერად ოკუპანტების ჯარებთან შეერთება. ამასთან ერთად, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის სამხედრო ძალების შეზღუდვა შეძლეს.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის ქვედანაყოფები მარიუპოლში ფართომასშტაბიანი შეტევების წარმოებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ.
  • ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმები განაგრძეს, თუმცა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიღწიეს.
  • უკრაინის სამხედრო ძალები იზიუმის გარშემო ოკუპანტების თავდასხმების მოგერიებას განაგრძობენ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები