რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 20 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

UNIAN

Institute for the Study of War-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მცირე წარმატებას მიაღწიეს - რამდენიმე პატარა ქალაქი აიღეს და რუბიჟნესა და პოპასნაიაში შევიდნენ. რუსეთის სამხედრო ძალები მსხვილ საჰაერო და საარტილერიო შეტევას განაგრძობენ, ამასთან ერთად, ფართო შეტევისთვის საჭირო პირობების შექმნას ცდილობენ. 20 აპრილს ოკუპანტებმა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. თუმცა, რუსეთის სამხედრო ძალებმა აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი დამცველები შეავიწროვეს.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ამასთან ერთად, რუბიჟნესა და პოპასნას მნიშვნელოვანი ნაწილები დაიკავეს.
  • უკრაინის ქვედანაყოფებმა სირიელი და ლიბიელი დაქირავებული მებრძოლების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლებიც პოპასნაში (აღმოსავლეთ უკრაინაში) იბრძვიან. სავარაუდოდ, საუბარია ცალკეულ ქვედანაყოფებზე, რომლებიც ვაგნერის ჯგუფთან ერთად იბრძოდნენ.
  • ოკუპანტებმა მარიუპოლში ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს და შესაბამისი პირობების შექმნა განაგრძეს, რათა 9 მაისს გამარჯვება აღნიშნონ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის გარშემო მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე ოკუპანტები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას გეგმავდნენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ ნაწილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს. 

უკრაინის სამხედრო ძალები მარიუპოლში აზოვსტალის კომპლექსის დაცვას აგრძელებენ, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უახლოესს დღეებში გამარჯვების აღნიშვნისთვის ემზადებიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
 

კომენტარები