რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 19 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედრო ბუჩის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ქალაქის დაბრუნებას აღნიშნავს, 2022 წლის 2 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსეთმა ომის ახალი ეტაპი დაიწყო. ოკუპანტებმა იზუმიდან ნიკოლაევამდე მძიმე საარტილერიო და საჰაერო დაბომბვები გააგრძელეს, თუმცა სახმელეთო შეტევები შეამცირეს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა სრულმასშტაბიანი შეტევისთვის სათანადო პირობები ვერ შექმნეს. კიევიდან გამოყვანილ ქვედანაყოფებს ძალების აღსადგენად საკმარისი დრო არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, რუსები თავიანთ ლოგისტიკურ და სამეთაურო-საკონტროლო შესაძლებლობებს ვერ ავითარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საბრძოლო ქმედებების შემდეგი ეტაპი დაიწყეს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ოკუპანტები, სავარაუდოდ, ნაჩქარევ შეტევებს განახორციელებენ, რათა დასახულ მიზანს 9 მაისს, "გამარჯვების დღეს" მიაღწიონ. თავდასხმის ნაჩქარევი და ნაწილობრივი მომზადება, სავარაუდოდ, მის ეფექტიანობას შეამცირებს. 

რუსეთის სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, იზიუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით და დონეცკიდან ჩრდილოეთით უკრაინის ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს იზიუმის, კრემინას (სევეროდონეცკის ჩრდილოეთით) და დონეცკიდან ავდიივკას მიმართულებით. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქვედანაყოფებს ალყაში მოაქცევენ, დიდი ალბათობით, უკრაინის ჯრები მის გარღვევას შეძლებენ.

უკრაინის სამხედრო ძალები აგრძელებენ მარიუპოლში აზოვსტალის კომპლექსის დაცვას, მაგრამ რუსეთის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, უახლოესს დღეებში გამარჯვების აღნიშვნისთვის ემზადებიან.

ISW-ის ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა შეტევის ახალი ეტაპი უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყო, ძირითადად, საარტილერიო და საჰაერო დაბომბვებით, შეზღუდული სახმელეთო შეტევების მხარდასაჭერად.
  • რუსი ოფიციალური პირები უახლოეს დღეებში მარიუპოლში გამარჯვების გამოცხადებისთვის ემზადებიან, მანამ, სანამ უკრაინის ჯარები აზოვსტალის ობიექტში სრულად დამარცხდებიან.
  • ოკუპანტები, დიდი ალბათობით, იზიუმიდან დონეცკამდე უკრაინის სამხედრო ძალების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ. 
  • რუსეთის სამხედრო ოპერაციები ნაჩქარევად გრძელდება, ვინაიდან, რუსეთის პრეზიდენტს სურს, რომ რუსეთის ომში წარმატება “გამარჯვების დღეს”, 9 მაისს დაამთხვიოს. თუმცა ამან მათი ოპერაციების წარმატებას, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები