მართვის მოწმობის გამოცდა

რა უნდა იცოდეთ მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების ახალი წესის შესახებ

შსს მომსახურების სააგენტო / Facebook

2022 წლის 25 აპრილიდან B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის, დახურულ მოედანზე სპეციალური მანევრების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი დაჯავშნის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელ რიგს. მას უფლება ეძლევა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში. მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატი მომდევნო გამოცდაზე დაიშვება არაუადრეს 30 დღისა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ: რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, საჩხერის, ოზურგეთის და ბათუმის სამსახურებში. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ჯერჯერობით არ ჩატარდება ზუგდიდში. მიზეზი ქალაქში გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მძღოლობის კანდიდატს, რომელიც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება, გამოცდის ჩაბარება საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე მოუწევს:

  • დაუსახლებელ პუნქტებში;
  • ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
  • დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
  • მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება.

ამასთან, მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2022 წლის 25 აპრილამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება 25 აპრილამდე არსებული წესით.

კომენტარები