საპროტესტო აქციები ბელარუსში

უკრაინის დაზვერვა: რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ქვეყნის დაკავებას გეგმავდა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, 2020 წელს რუსეთი ბელარუსში შეჭრასა და ტერიტორიის დაკავებას გეგმავდა, რისთვისაც 1-ელ სატანკო არმიას ამზადებდნენ.

როგორც უკრაინული დაზვერვა იუწყება, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეჭრის გეგმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ შეადგინეს, რათა ჩაეხშოთ სახალხო პროტესტი. 

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ბელარუსის ოკუპაცია იგეგმებოდა ევროპის რეგიონში ან NATO-ს მოკავშირეებთან ფართომასშტაბურ ომში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის თავიდან აცილების საბაბით.

უკრაინის დაზვერვას ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომ ბელარუსში ოპერაცია იგეგმებოდა, მოჰყავს 1-ელი სატანკო არმიის სამხედროების გადაჯგუფების გეგმები.

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. დათვლილი ხმებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმათა უმრავლესობა ჰქონდა აღებული, თუმცა დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ მან არჩევნები გააყალბა. 

ლუკაშენკოს რეჟიმმა საპროტესტო აქციები ძალის გამოყენებით ჩაახშო და ქვეყანაში დაიწყო ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის დევნა. 

კომენტარები